X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაგეგმილ არქიტექტურულ კონკურსებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

6 ივნისი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

დაგეგმილი პროექტების ხარისხიანად განხორციელების, არქიტექტორებისა და საპროექტო კომპანიების დროული ინფორმირების, ასევე პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ფონდმა ღია კარის დღე გამართა.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ არქიტექტორებსა და დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს ფონდის მიერ დაგეგმილი არქიტექტურული კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ღია კარის დღის ფარგლებში მონაწილეებს წინასწარ გააცნეს კონკურსების პროცედურული და ტექნიკური დეტალები, მნიშვნელოვანი პირობები და მოთხოვნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგის სპეციალისტების აქტიურ მონაწილეობას საკონკურსო პირობებისა და საპროექტო რეკომენდაციების მომზადებაში, ასევე პროექტების ხარისხიანად და დროულად შესრულების მნიშვნელობას.

2025-2026 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60-ზე მეტი კონკურსი გამოაცხადა. უახლოეს პერიოდში ფონდი 30-ზე მეტ კონკურსს გამოაცხადებს სპორტული, საგანმანათლებლო, ტურისტული, სახელოვნებო და კულტურული ობიექტების, ასევე ურბანული განვითარების პროექტების მიმართულებით.

დაგეგმილ კონკურსებს შორისაა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის, ჭიათურის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციის, ზესტაფონის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის, მღვიმევის მონასტრისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობის, ხელოვნების მუზეუმისა და სხვადასხვა დრამატული თეატრის, კომაროვის სკოლის საცხოვრებელი კამპუსის, ქუთაისის ნიუპორტის უბნის, ბათუმის ბულვარის, ბოლნისის გერმანული მემკვიდრეობის, ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი „მაგნოლიას“ ფასადის რეაბილიტაციისა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფციების მომზადება.

პროცესის გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარმართვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ეტაპობრივად აცხადებს ბაზრის კვლევებსა და კონკურსებს.

ღია კარის დღის მიზანია, შესყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და კონკურენტული გახდეს დაინტერესებული კომპანიებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალშიც განაგრძობს პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს როგორც კონკურენტული გარემოს განვითარებას, ისე ქვეყნის ინფრასტრუქტურის ხარისხიან დაგეგმვასა და განხორციელებას.